Wikipedia

Search results

Sunday, July 7, 2019

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი - ადგილი, რომელსაც უნდა იცნობდე


ფოტო: ელენე გოგოლაძე
      საქართველოში თითქმის ყველამ ვიცით, ვინ დაწერასიბრძნე სიცრუისა“, ანსიტყვის კონა“ - მათი ავტორი სულხან-საბა ორბელიანია - აღორძინების ხანის დიდი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე. ის დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თანამედროვეთა შორის, რასაც ეხმიანება ფრანგი მისიონერი, ჟან რიშარი, და სულხან-საბასსაქართველოს მამადმოიხსენიებს.
საინტერესოა, რამდენმა ჩვენგანმა იცის, სად დაიბადა და აღიზარდა ყველასთვის საყვარელი იგავთმწერი.

     ქვემო ქართლში, ბოლნისის  მახლობლად, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბას  ლიტერატურული მუზეუმია. როგორც ტანძიელები აღნიშნავენ, ის საკმაოდ მდიდარია დამთვალიერებლებით, ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ადგილობრივებისთვისაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩავსულიყავი ბოლნისში და თქვენთვის უფრო ახლოდან გამეცნო იგი
ფოტო: ელენე გოგოლაძე
მუზეუმში მისულს ადგილზე მხვდება ერთ-ერთი თანამშრომელი, დამთვალიერებელზე ორიენტირებული პროგრამების ხელმძღვანელი - ინგა გერლიანი, რომელიც გულდასმით ცდილობს, შეძლებისდაგვარად, მომაწოდოს მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია მუზეუმის შესახებ:
ლიტერატურული მუზეუმი, რომელიც ორბელიანთა ისტორიული სასახლის ნაფუძვარზეა აგებული , 1984 წლის 3 ივნისს, საბაობის მე-3 დღესასწაულზე გაიხსნა. მათი სასახლე კი 1936 წელს კომუნისტებმა საშენი მასალის გამო დაანგრიეს მუზეუმის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნუკრი ალხაზაშვილს, მხატვრული გაფორმება კი საქართველოს დამსახურებულ მხატვარს  - ზურაბ სამხარაძეს.“


     მუზეუმში შესულს ნამდვილად მოგჭრით თვალს დიდი ზომის ნახატები, რომლებიც ლამაზადაა განლაგებული დარბაზებში. ირგვლივ სიჩუმეა, თუმცა იქ წარმოდგენილი ნამუშევრებია მეტყველი და მრავლისმთქმელი. ინგა გერლიანი კვლავ აგრძელებს: 
ფოტო: ელენე გოგოლაძე
 მუზეუმში საექსპოზიციო მასალა 3 დარბაზშია განთავსებული. პირველი დარბაზი ეძღვნებათ ორბელიანთა წინაპრებს. მეორე დარბაზში წარმოდგენილია ისტორიული მასალა, რომელიც ასახავს სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებას, მის შემოქმედება-მოღვაწეობას, მესამე მცირე დარბაზში კი წარმოდგენილნი არიან თანამედროვენი და მისი მემკვიდრეები.“
     ამის შემდეგ, რესპონდენტმა გამიხმო ეზოში, სადაც ორბელიანთა საგვარეულო ტაძარზე უნდა მოეთხრო.  ეზოში ამაყად მდგარ ტაძარს ეტყობა, რომ საკმაოდ ძველი უნდა იყოს, რასაც რესპონდენტიც მიდასტურებს: „პირვანდელი სახითაა მოღწეული ეზოში არსებული ორბელიანთა საგვარეულო ტაძარი, რომელიც 1683 წელს, ტუფის ქვითაა აგებული...“ 

ფოტო: ელენე გოგოლაძე
ამასობაში, იღება ჭიშკარი და ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან ბავშვები, შემდეგ უფროსებიც გამოჩნდნენ.  სავარაუდოდ, ექსკურსია უნდა იყოს. ასეც არის - მუზეუმს ამჯერად თბილისის 122- საჯარო სკოლის მე-4 კლასელები სტუმრობენ.  უზარმაზარ, აყვითლებულ ეზოში ბავშვები მალევე დაიფანტნენ. ზოგი ხეზე აძვრა, ზოგმა დაჭერობანას თამაში დაიწყო, ზოგიც მხოლოდ სეირნობასა და შემოდგომისფერი ხეების თვალიერებას შეუდგა. მასწავლებლებმა და მშობლებმა მალევე შეკრიბეს დაქსაქსული მოსწავლეები, შვილები და შენობაში შეუძღვნენ. ცოტა ხანში კვლავ გამოეფინენ ეზოში და ჯგუფ-ჯგუფად ჩასხდნენ ყვითელ ფოთლებში.  მშობლები და მასწავლებლები იქვე ტრიალებენ, მაგიდას მისხდომიან და წასახემსებლად ემზადებიან. განსაკუთრებულად კარგი განწყობით გამოირჩეოდა ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც გავესაუბრე და თავისი შთაბეჭდილებებიც გამიზიარა:

ელენე მუჯირი, თბილისის 122- საჯარო სკოლის მოსწავლე


     
         როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მრავალ დამთვალიერებელს მასპინძლობს. თანამშრომლები ამ მხრივ ყველაზე აქტიურ პერიოდად გაზაფხულსა და შემოდგომას ასახელებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მუზეუმს ძირითადად სტუმრობენ სკოლები საქართველოს მთელი მასშტაბით. სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც, თუმცა, შედარებით იშვიათად.
საინტერესოა, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მუზეუმის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, ის ერთგვარ რეკრეაციულ ადგილს წარმოადგენს და დიდი სიყვარულითა და პოპულარულობით სარგებლობს ტანძიის მოსახლეობაში. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს - უზარმაზარი ეზო სისუფთავითა და სილამაზით გამოირჩევა, რაც მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივების ზრუნვის შედეგიცაა.


         „ტანძიელი ბავშვებისთვის საყვარელი ადგილია მუზეუმის ეზო, მისი შემოგარენი. საშუალება მოგვეცემა თუ არა, ვცდილობთ ყველანი იქ შევიკრიბოთ.სოფელს ხალისს მატებენ მისი სეზონური სტუმრებიც, რაც ძალიან გვახარებს“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სოფელ ტანძიის მცხოვრები მარიამ მიბჩუანი.       
           ინგა გერლიანმა გვიამბო მუზეუმის ტრადიციაზეც, რომელსაც საბაობაჰქვია. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება (ან კვირეული), რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის ხსოვნასა და მის შემოქმედებას. ამ დროს იკრიბებიან როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რეგიონებიდან თუ ქალაქებიდან ჩამოსული მწერლები, მომღერლები, სახალხო მთქმელები, მოსწავლე-მასწავლებლები. კვირეულის ფარგლებში ეწყობა ვიქტორინები და სხვა შემეცნებითი ხასიათის აქტივობები. ტრადიცია სათავეს 1979 წლიდან იღებს, 2006 წლიდან კი ყოველწლიურად იმართება.


ფოტო: ელენე გოგოლაძე
      ღონისძიებას მრავლად ახსოვს ცნობილი სახეები - 1999 წელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პოეტი ჯანსუღ კახიძე და სხვ. „საბაობისგარდა, მუზეუმი აქტიურად მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებს.
მუზეუმში შესვლისას შეიგრძნობთ იდილიას, რომელსაც იქ მყოფი კოლექტივი ქმნის. აშკარაა, რომ გამოირჩევიან განსაკუთრებული მონდომებითა და საქმის მიმართ სიყვარულით. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა მუზეუმის დღევანდელი სახე და ის მიზიდულობა, რაც უბიძგებს მნახველებს მისი სტუმრობისაკენ. ინგა გერლიანი, თანამშრომელი, რომელმაც ჩვენთვის მუზეუმის გაცნობა ითავა, გვეუბნება, რომ მუზეუმს ერთადერთი,  რაც რეალურად აწუხებს, ესაა თანამედროვე ტექნოლოგიების უქონლობა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია საქმიანობის გაცნობასა და ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობაში: 
მუზეუმი ექვემდებარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ნამდვილად ვერ ვიტყვით,
ფოტო: ელენე გოგოლაძე
რომ უყურადღებობას ვუჩივით. გვაწუხებდა დაბალი ანაზღაურება, თუმცა ამა წლის სექტემბრის თვეში ეს პრობლემაც, ასე თუ ისე, მოგვარდა. ფაქტობრივად, არ არსებობს დიდი პრობლემა, თუ არ ჩავთვლით კომპიუტერებისა და ინტერნეტის არარსებობას, რაც გვაფერხებს სოციუმთან კომუნიკაციისას."

       მუზეუმიდან წამოსვლისას მივხვდი, რომ ამ ადგილს აქვს საოცარი უნარი, ძალიან მოკლე დროში დაგამახსოვროს და შეგაყვაროს თავი. სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი ნამდვილად იმსახურებს კიდევ უფრო მეტ დამთვალიერებელსა და სტუმარს. მერწმუნეთ, თუ აქ ერთხელ მაინც აღმოჩნდებით, გარდაუვალია, არ მოგინდეთ დაბრუნება.

No comments:

Post a Comment