Wikipedia

Search results

Friday, May 3, 2019

ჩემი საკუთარი ფემინიზმი


       საქართველოში ქალად დაბადება არ არის ადვილი. ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იწყება ჩვენი „გადარჩენისთვის ბრძოლა“ - ოჯახის უფროსს,  უმეტესად, გვარის გამგრძელებელი და სუფრაზე ჯდომისას ჭიქის ჭიქაზე მიმჭახუნებელი ურჩევნია გაზარდოს, ვიდრე  გოგონა, რომელიც მომავალი მეუღლის საკუთრებად იქცევა. მოკლედ, თუ გაგიმართლა და მოევლინე ამ ქვეყნიერებას, გრძელდება ბრძოლა, რომელშიც ყველანაირად შეეცდებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თუ მათი თანამოაზრენი, რომ განვითარების საწყისი ეტაპიდანვე ჩაგინერგონ მთავარი - ქალი მამაკაცის დანამატი, ერთგვარი სამკაულია, რომელმაც არ უნდა მოისურვოს მასთან გატოლება, რომ მორჩილება, კდემამოსილება და უსუსურობა ქალის მთავარი იარაღია მამაკაცის მოსახიბლად.
       მე პირადად,  ძალიან პატარა ასაკიდანვე მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს, დაწყებული დედ-მამის ურთიერთობიდან - დამთავრებული ჩემი და ჩემი ძმის მიმართ აშკარად სხვადასხვანაირი დამოკიდებულებით, რაც მშობლების მხრიდან იგრძნობოდა. მართალია, ჩვენს ირგვლივ არსებული ოჯახების ფონზე ეს ნაკლებად იყო შესამჩნევი, თუმცა ფაქტები მაინც ფაქტებად რჩება. მახსოვს, როგორ მახრჩობდა ერთად პროტესტისა და სიბრაზის გრძნობა, როცა ავტომობილით მგზავრობისას ჩემს ძმას წინა სავარძელზე სვამდნენ, მე კი უკან მიმიჩენდნენ ხოლმე ადგილს. ვსვამდი ბევრ კითხვას და ვითხოვდი აეხსნათ, თუ რატომ ხდებოდა ასე. მაგრამ პასუხიც და არგუმენტიც ყოველთვის მხოლოდ შემდეგი იყო: „ის ბიჭია!“.

         მოგეხსენებათ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ქალის ჩაგვრის მაგალითების მრავალფეროვნებას არ ვუჩივით, ასე რომ, აღარ დავკონკრეტდები. საღად მოაზროვნე ადამიანები ადვილად მიხვდებიან, რომ ტრადიციებს ამოფარებულია სინამდვილეში მოძალადე და მჩაგვრელი კაცი, რომელიც ქალის დასამორჩილებლად იგონებს ათასგვარ ხერხს, უქმნის ბარიერებს, ამცირებს და ამით ცდილობს, დაანახოს მას თავისი უპირატესობა. სამწუხაროდ, ასეთი დამახინჯებული ოჯახები საქართველოში  აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, შესაბამისად ყალიბდება უწყვეტი ჯაჭვი, რის დროსაც თაობები იმავე ღირებულებებსა და პრინციპებზე იზრდებიან, როგორსაც ოჯახში ხედავენ. შესაძლოა, ბევრი შემედაოს, რომ ახლა „კუხნაში“ ქალს აღარავინ კეტავს და გაცილებით შესუსტდა მათი „ბორკილები“, თუმცა ყველა მაინც ძალიან კარგად ხედავს იმ რეალობას, სადაც ქალი უბრალოდ უფასო მუშახელი და „უხილავი მშრომელი“, მაგრამ ამ საკითხს საზოგადოების უმეტესობა რატომღაც არ უღრმავდება. პირიქით, როცა რომელიმე პროგრესული აზრი გაჟღერდება აქტივისტებისაგან, მაშინვე შეტევაზე გადადის უმრავლესობა, რომლისთვისაც გაცილებით მარტივია უკვე არსებული სოციალური ჩვეულებებისა თუ ტრადიციების ერთგულება, ვიდრე კრიტიკული აზროვნება და განვითარებისკენ სწრაფვა. ჩემს გაკვირვებას კი ყველაზე მეტად ის ფაქტი იწვევს, რომ თვითონ ის ქალები, რომლებიც იდეაში ყველაზე თავგანწირვით  უნდა იბრძოდნენ საკუთარი ხმის მისაწვდენად მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ, აღმოჩნდებიან ხოლმე საწინააღმდეგო მხარეს.
             დიახ, ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ფემინისტების მიმართ ქალები მამაკაცებზე არანაკლებ აგრესიას ამჟღავნებენ. ამის მიზეზი, პირველ რიგში, განათლების ნაკლებობა, დილეტანტური მიდგომა, ინფორმაციული ვაკუუმი და გავრცელებული მრავალი სტერეოტიპი მგონია - ასე  პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობ.


        

          მე თვითონ ვარ რეგიონიდან, სადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სიტყვა „ფემინიზმის“ მნიშვნელობაც კი არ იცის, სამაგიეროდ გაგონილი აქვთ ტელეეკრანებიდან/სოციალური ქსელებიდან მრავალი სალანძღავი და საქილიკო სიტყვა, რასაც ფემინისტების მიმართულებით მარტივად ისვრიან ხოლმე სასოწარკვეთილი მამრები, და ამის მიხედვით გამოუტანიათ დასკვნები.  დიდი ხანია ვაკვირდები და შევნიშნე ერთი საინტერესო რამ: საუბრისას ბევრი მათგანის აზრი ემთხვევა და „თანხმდებიან“ იმაზე, რომ ფემინიზმით ინტერესდებიან ქალები, რომლებიც გაბოროტებულები არიან მთელ კაცთა მოდგმაზე და სურთ, მათი ადგილი დაიკავონ - ეს ერთი შეხედვით სატირულ-კომედიური მითი, 
უ შეიძლება ასე დავარქვათ, ზუსტად ასახავს საზოგადოების დამახინჯებულ შთაბეჭდილებას. მაგრამ არ შემიძლია არ დავამატო ისიც, რომ მძიმე სოციალურ პირობებში ადამიანებს უჭირთ ასეთ საკითხებზე კონცენტრირება, ჩემს რეგიონში კი, ისე, როგორც მთლიანად საქართველოში, სწორედ მძიმე სოციალურ ფონზე მიდის რიგი პროცესები.
            ძალიან მწყდება გული, როცა ფემინიზმს სერიოზულად არ განიხილავენ, თითქოს ქალების ერთერთი საერთო „კაპრიზი“ იყოს და არა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული პროტესტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ბრძოლა და ბევრი სიძნელის გადალახვა.
            ვიმედოვნებ, მომავალში ქალები უფრო მეტად დავრწმუნდებით საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში. არ მინდა, რომ ჩემი სქესის წარმომადგენლები ისევ იწოდებოდნენ „სუსტებად“; არ მინდა, ვხედავდე მამებზე ან მეუღლეებზე მიჯაჭვულ ქალებს; არ მინდა, ვხვდებოდე ქალებს, რომელთა ჰობიც მხოლოდ შვილების აღზრდა და სამზარეულოში ტრიალია; არ მინდა, ქალების შრომა ისევ „უხილავად“ დარჩეს, დაბოლოს, არ მინდა, მამრობითი სქესის წარმომადგენლების უპირატესობის დამამტკიცებელი არგუმენტი მათი ფიზიკური სიძლიერე და დაკუნთული სხეული იყოს. „ის, რომ ბიჭია“ არ არის საკმარისი ჩვენი უფლებებისა და ნების შესაზღუდად და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რაშიც ამას დავამტკიცებთ.


   იხილეთ ვიდეო: 

No comments:

Post a Comment