დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებაში, სადაც პროფესიების
სქესის მიხედვით დაუფლებას განიხილავენ, უკვე არსებობს პრობლემა. XXI საუკუნეში
ზედმეად მიმაჩნია რაიმე უფლების შელახვაზე საუბარი, პროფესიების გადანაწილებაზე ქალსა
და კაცს შორის კი სწორედ დისკრიმინაციამდე მივყავართ. თუმცა, შეგვიძლია მოვიყვანოთ
ისეთი კონტრმაგალითებიც, რომლებიც თითქოსდა ეჭვს შეგვატანინებენ ნააზრევში, მაგრამ,
თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ადამიანების კლასიფიკაცია რაიმე ნიშნით გამართლებული
არაა, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი - ადამიანთა კლასი.
![]() |
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტულ პროფესიას უნდა
ფლობდეს, ვთქვათ, მხოლოდ ქალი, ნებას ვუზღუდავთ კაცს, რომელსაც სურდა ამ პროფესიაში
მოღვაწეობა. მაგალითად, ძიძა, სტერეოტიპულად, ქალი შეიძლება იყოს. ერთი შეხედვით ამაში
ვერავინ შეგედავებათ, რადგან, გაბატონებული მოსაზრებით, ქალს უკეთ შეუძლია ბავშვის
მოვლა და დიასახლისობა. თუმცა, მამაკაცს, რომელსაც აქვს მზაობა და სურვილი, შეუძლია
არანაკლებ ხარისხიანად შეასრულოს იგივე საქმე.
დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ადამიანის შესაძლებლობებს
საზღვარი არ აქვს. რა თქმა უნდა, მოიაზრება ორივე სქესის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე,
რთული არ უნდა იყოს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მათ თანაბრად უნდა მიეცეთ საშუალება,
გამოსცადონ ძალები სხვადასხვა საქმიანობაში. საუკუნეების წინ, ალბათ, ვერც კი წარმოედგინათ
მამაკაცი, რომელიც მაკიაჟს აკეთებს, რადგან „როგორც წესი“, ეს ქალბატონების საქმედ
მიიჩნევა. იმავე ლოგიკით, სტილისტი და კულინარი მამაკაცებიც „ქალურ“ საქმეს ასრულებენ,
თუმცა დღეს ვხედავთ მრავალ წარმატებულ მამაკაც ვიზაჟისტს, დიზაინერსა თუ კულინარ კაცებს, რომლებმაც, ასე ვთქვათ, დაამსხვრიეს შექმნილი
სერეოტიპები და საკმაოდ წარმატებულად შეითვისეს ზემოთხსენებული პროფესიები.
საქართველოსათვის
ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მეფე და ქალის რეალური შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი
მაგალითია თამარ მეფე - ის პირველი ქალი მეფეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც დაუმტკიცა
ყველას, ვინც მის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ ქალსაც შეუძლია მართოს ქვეყანა,
თანაც ბევრ მამაკაცზე უკეთესადაც. დავბრუნდეთ აწმყოში და გავიდეთ ქუჩაში. ძალიან ცოტას, თუმცა მაინც შევხვდებით ქალ ტაქსის ან ავტობუსების მძღოლებს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ გაკვირვებას იწვევს ჩვენში, რადგან აქამდე მხოლოდ მამაკაცებს ვხედავდით ამ ამპლუაში.
თავში ვახსენე კონტრმაგალითები, ეს იმიტომ, რომ ზოგიერთმა
შეიძლება გაიფიქროს - ნუთუ ლამაზია ქალი სუმოში მონაწილეობის დროს? - ამ კითხვაზე მარტივად
შევძლებთ პასუხის გაცემას: სუმოისტმა ქალმა, შესაძლოა, გარეგნულად არ მოგხიბლოთ, თუმცა
ერთია ესთეტიკა და მეორე - კეთილი ნება. არ უნდა დაგვავიწყდეს სამხედრო სამსახურში
მყოფი ქალები, რომლებიც გამუდმებით უმტკიცებენ საკუთარ თავსა თუ საზოგადოებას, რომ
ჯარი მხოლოდ მამაკაცების საქმე არაა და, რომ მათაც შეუძლიათ ღირსეულად იმსახურონ.
კატეგორიულად
ვეწინააღმდეგები ამ ორი სქესის ფიზიკური შესაძლებლობების ერთგვარ „დატოლებას“. არსებობს სურვილი? არ უნდა არსებობდეს წინააღმდეგობა.





